პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია ანუ PET/CT ეს არის დიაგნოსტიკური კვლევა, რომელიც ერთი განტრის ქვეშ აერთიანებს კომპიუტერულ ტომოგრაფსა და პოზიტრონ-ემისიურ ტომოგრაფს. ამგვარად გამოსახულებები მიიღება ერთდროულად და ხდება მათი ზედდება რის შედეგადაც გვაქვს ერთიანი, ე.წ. კო-რეგისტრირებული ტომოგრაფიული გამოსახულებები. PET/CT დიაგნოსტიკური კვლევის შედეგად მიღებული გამოსახულებები ზუსტად ასახავს სხეულში არსებულ მეტაბოლურ და ბიოქიმიურად აქტიურ უბნებს. ეს გამოსახულება თანხვედრიულია კომპიუტერულ ტომოგრაფიულ გამოსახულებასთან, რომელიც თავის მხრივ ზუსტი ანატომიური ინფორმაციის მატარებელია.

PET-CT სხვა ტომოგრაფიულ კვლევებთან (მულტისპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) შედარებით, დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა და აღმოაჩენს სიმსივნეს მაშინაც კი, როცა ჯერ არავითარი კლინიკური გამოვლინება არ შეინიშნება. გარდა ამისა, აღნიშნული კვლევა იძლევა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მაღალი სიზუსტით დიფერენცირების საშუალებას. შესაბამისად, უზრუნველყოფს მთელი რიგი დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებასა და სწორ მკურნალობას.

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET-CT) ყველაზე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენისა და გავრცელების არეალის (სტადიის) განსაზღვრისთვის, რადგან აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია სიმსივნეების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირება, ისეთი მცირე ზომის სიმსივნეებისაც კი, რომლებიც 1 სმ-ს არ აღემატება და არანაირ კლინიკურ გამოვლინებას არ იძლევა. გარდა ამისა, PET-CT-ის საშუალებით ხდება მკურნალობის შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობა და ჩატარებული მკურნალობის შედეგიანობის დადგენა.