თავის  ტრავმა ურგენტულ ნეიროქირურგიაში პაციენტების მომართვიანობის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. ქალა-ტვინის მწვავე ტრავმა განეკუთვნება მძიმე დაზიანებათა კატეგორიას და ხშირად, 5 %-დან 70 %-მდე შემთხვევაში, ლეტალური შედეგით მთავრდება.  ტრავმათა საერთო რიცხვის 36-40%-ს შეადგენს და გახლავთ სიკვდილიანობის უხშირესი მიზეზი ბავშვებსა და მოზარდებში, ინსიდენსი განსაკუთრებით მაღალია 15-24 ასაკობრივ ჯგუფში, 3 ჯერ მეტია მამაკაცებში, ნახევარზე მეტ შემთხვევაში გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევებით. მსოფლიოში მრავალი სპეციალიზებული ცენტრია შექმნილი, ნეიროტრავმების მენეჯმენტის, რისკების ლიკვიდაციის, სიკვდილიანობის და ინვალიდობის  შემცირების მიმართულებით, ურიცხვი კლინიკური კვლევა მიმდინარეობს, იქმნება გაიდლაინები, პროტოკოლები, თუმცა მაინც რჩება დიდ სამედიცინო პრობლემად.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის (“მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”) ნეიროქირურგიული დეპარტამენტი გთავაზობთ  თავის ტრავმების სრულყოფილ გამოკვლევასა და მკურნალობას, როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მეთოდებით. ჩვენს კლინიკაში პაციენტებს ინტრაკრანიალური ტრავმით, შემოსვლისთანავე, უტარდებათ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სათანადო კვლევები და კონსულტაციები. კლინიკური და  რადიოლოგიური სურათის შეფასების შემდეგ იგეგმება მკურნალობის ტაქტიკა. ჩვენი უმაღლესი დონის სპეციალისტები ასრულებენ პრაქტიკულად ნებისმიერი სირთულის ოპერაციებს უახლესი აპარატურის გამოყენებით.

თავის ტრავმები მოიცავს:

  1. სკალპის ტრავმები – ძირითადად ჭრილობები, აქ მთავარი პრობლემა სისხლდენაა, ვინაიდან სკალპი კარგად ვასკულიზებული კომპარტმენტია.
  2. ძვლების ტრავმები – მოტეხილობები, რაც, თავის მხრივ, იყოფა ქალას ფუძის და ქალასარქვლის, ხაზოვან, ფრაგმენტოვან, კომპრესიულ, დიასტაზურ და ა.შ
  3. ტვინის ტრავმული დაზიანება – თავის ტვინის შერყევა, თავის ტვინის კონტუზია, სისხლჩაქცევები: გარსული – ეპი,-სუბდურული, სუბარაქნოიდული, ინტრაცერებრული, ინტრავენტრიკულური.

თავის ტვინის ტრავმების მრავალი კლასიფიკაცია არსებობს, რაციონალური და მარტივია დაყოფა ორ ჯგუფად: ღია და დახურული. ყველაზე გავრცელებული დახურული ტრავმები გახლავთ ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა, ტვინზე ზეწოლა (კომპრესია);

ღიაა ქალასარქვლის, ქალაფუძის მოტეხილობანი და ქალა-ტვინის ტრავმები.

1. ქალა ტვინის დახურული ტრავმა:

  • თავის ტვინის შერყევა;
  • თავის ტვინის დაჟეჟილობა;
  • თავის ტვინის კომპრესია (ეპიდურული, სუბდურული ჰემატომა);
  • ტრავმული სუბარაქნოიდული ჰემორაგია;
  • ტრავმული ინტრაცერებრული ჰემატომა.

2. ქალა ტვინის ღია ტრავმა:

  • ქალასფუძის მოტეხილობა (ლიქვორეით ან მის გარეშე);
  • ქალასარქვლის მოტეხილობა (ლიქვორეით ან მის გარეშე).

ტრავმა თავის ტვინში მრავლობით ცვლილებას იწვევს, რომლებიც ზოგადტვინოვანი და კეროვანი სიმპტომების სახით ვლინდება.

სიმძიმის მიხედვით თავის ტვინის ტრავმების შემდეგი სახეები  არსებობს:

  • მინიმალური ტრავმა GCS15, გონების კარგვა ან ამნეზია არ აღინიშნება;
  • მსუბუქი დაზიანება. გვხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80 %-ში. GCS 14 ან GCS15 რასაც თან ახლავს გონების კარგვის  ხანმოკლე ეპიზოდი ან ცნობიერების და/ან მეხსიერების ცვლილებები.
  • საშუალო სიმძიმის დაზიანებათა 10%-ში GCS 9-13 ან გონების კარგვის ეპიზოდი >5 წთ-ზე, ან კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკა.
  • მძიმე (10 %) GCS 5-8 ქულა;
  • კრიტიკული GCS 3-5 ქულა.